ნინია ცისკარიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ, მაგრამ პარტისთან ახლო ურთიერთობა არ მაქვს
ნინია ცისკარიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ, მაგრამ პარტისთან ახლო ურთიერთობა არ მაქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნინია ცისკარიშვილი აცხადებს, რომ დღეს „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი შესაძლოა, მონტაჟი იყოს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, თუმცა პარტიასთან ახლო კავშირი არ აქვს.

„მსგავსი არაფერი ყოფილა, რადგან სალომე ჭელიძეს კარგად არ ვიცნობ. მხოლოდ რამდენჯერმე შევხვედრილვარ. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ამ თემაზე არ ვისაუბრებდი. ეს არის სრული აბსურდი. ბევრი დარღვევა აღმოვაჩინე და ეტყობა, ყელში ვყავარ გაჩხერილი დღევანდელ ხელისუფლებას, რადგან სავარაუდოდ, ისინი ამ არჩევნების გაყალბებას აპირებენ და ყველანაირ ხრიკს მიმართავენ. ბატონ თალაკვაძეს მინდა მივმართო, რომ დამშვიდდეს და ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოს. მეუბნებიან, რატომ ვარ ყველა უბანზე. შემიძლია, რამდენიმე უბანზე დარღვევები დავაფიქსირო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ, მაგრამ როგორც ასეთი, არანაირი ახლო ურთიერთობა არ მაქვს. არანაირ თათბირზე არ ვყოფილვარ. პროფესიით ვარ ჟურნალისტი, ვეწევი ჟურნალისტურ მოღვაწეობას და მე ეს არ მიკრძალავს, რომ ასევე მხარდამჭერი ვიყო. აქედან გამომდინარე, სრული უფლება მაქვს. ფარული ჩანაწერისთვის არ მომისმენია, რადგან უბნებზე ვარ და არ მაქვს ამის საშუალება. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს მონტაჟი“, – განაცხადა ნინია ცისკარიშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ მოგების ან წაგების შემთხვევაში ზუგდიდსა და აჭარაში ყველაფერი უნდა ადუღდეს.