ნიკოლოზ სამხარაძე - უკრაინული მხარე დარწმუნდა, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის უარყოფით არანაირ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია და არც მომავალში ექნება
ნიკოლოზ სამხარაძე - უკრაინული მხარე დარწმუნდა, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის უარყოფით არანაირ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია და არც მომავალში ექნება

უკრაინული მხარე დარწმუნდა იმაში, რომ საქართველოს მხრიდან არანაირი სანქციების გვერდის ავლას და უკრაინისთვის უარყოფით სხვა არანაირ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია და არც მომავალში ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ ვიზიტის მთავარი მიზანი იყო, საქართველოს პარლამენტის სახელით სოლიდარობა გამოგვეხატა უკრაინელი ხალხის მიმართ, იმ არაადამიანური მოვლენების გამო, რაც კიევის ოლქში მოხდა და რისი აღმნიშვნელი ფოტოებიც ვიხილეთ. თუმცა, ცოტა ხნის წინ, საუბარი მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და განხილული ის საკითხებიც, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ასე ვთქვათ, ერთგვარ გაუგებრობას იწვევდა. თქვენ ნახეთ, რომ უკანასკნელ დღეებში უკრაინის ოფიციალური პირების რიტორიკაც შეცვლილია და ის ადამიანებიც კი, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, დღეს გამოდიან და ამბობენ, რომ საქართველო არის მეგობარი ქვეყანა. ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს გაუგებრობები ამოწურულია. ამ ვიზიტის დროსაც ერთგვარად მოხდა პოზიციების დაფიქსირება და უკრაინული მხარე დარწმუნდა იმაში, რომ საქართველოს მხრიდან არანაირი სანქციების გვერდის ავლას და უკრაინისთვის უარყოფით სხვა არანაირ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია და არც მომავალში ექნება. ჩვენ ვრჩებით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, მათი არჩევანის მიმართ ერთგული და ყოველმხრივ დავეხმარებით იმ ბრძოლაში, რაც დღეს არის მათი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა“, – განაცხადა სამხარაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი ხელისუფლებას, რომ სანქციების თემა შესაძლებელია, კვლავ გახდეს უთანხმოების მიზეზი, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ საქართველო ისედაც არის მიერთებული იმ სანქციების უმრავლესობას, რომელიც დასავლეთს აქვს დაწესებული და ის დაძაბულობა, რაც ამ სანქციების თემამ გამოიწვია, ხელოვნური იყო.

„ვგულისხმობ ფინანსურ სანქციებს და ასევე, იმ სანქციებს, რომლებიც ჩვენ უკრაინის ომამდეც გვქონდა დაწესებული ასე ვთქვათ, რუსული პოლიტიკური ელიტის მიმართ. იმიტომ, რომ მათ უდიდეს უმრავლესობას დარღვეული აქვს ოკუპაციის კანონი. ჩვენ რუსეთთან ისედაც არ ვვაჭრობთ მაღალი ტექნოლოგიებით, იარაღით და რუსეთში ისედაც არ ვდებთ ინვესტიციას. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, რა სანქციებზეა საუბარი? ერთადერთი, რაზეც საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობა მიმდინარეობს, ეს არის სასურსათო პროდუქცია. საქართველო ისედაც არის მიერთებული ამ სანქციებს. 2014 წლიდან მოყოლებული, საქართველოს აქვს სანქციებთან ბმა და ჩვენ თვითონაც, 2008 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სანქცირებული ქვეყანა ვართ რუსეთის მხრიდან. ეს ყველაფერი ცნობილია არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებისთვის, არამედ მთელი მსოფლიო საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, დაძაბულობა, რაც ამ სანქციების თემამ გამოიწვია, ხელოვნური იყო და კარგია, რომ ახლა ყველა მიხვდა, რომ აქ არაფერი სანერვიულო არ არის. საქართველო არის ერთგული საერთაშორისო პრინციპების და იმის, რომ ჩვენ ქვეყანაში ამ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდება“, – განაცხადა სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და ხელისუფლებას სურს, ორმა ქვეყანამ ერთად იმოძრაოს ევროინტეგრაციის გზაზე.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციაში მონაწილეობაზე უარით და უკრაინაში მარტო ჩასვლით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თვითდაზიანება კიდევ ერთხელ მიიყენა.

„ისინი ჩემპიონები არიან თვითდაზიანების მიყენებაში და ეს იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც სრულიად ალოგიკური გადაწყვეტილება მიიღეს, არ წავიდნენ მრავალპარტიულ დელეგაციასთან ერთად და წავიდნენ ყოფილ პრეზიდენტ მარგველაშვილთან, ყოვლად უპრინციპო ადამიანთან ერთად. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ მარგველაშვილი და მასთან ერთად ვიზიტი. თუ ისინი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად არ მიდიან უკრაინაში, ეს მათივე სულისკვეთებასა და მიზნებზე მიუთითებს, ძალიან ნათლად. პრინციპში, მოხდა იმის ლუსტრაცია, რასაც ამდენი ხანი ვამბობდით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთოდ არ აინტერესებს უკრაინა, სრულიად არ აინტერესებს უკრაინის ბედი და ერთადერთი, რისთვისაც ისინი უკრაინის საკითხს ბოროტად იყენებენ, არის ის, რომ ქვეყანაში სიტუაცია არიონ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.