ნიკოლოზ სამხარაძე – პრაღაში საქართველო მონაწილეობს ფორუმში და ვიქნებით ყველა იმ ფორმატში, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას შეეხება
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე პრაღაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე – „ფორუმი 2000“ ერთ-ერთ პანელში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, პრაღაში ევროკავშირის არაფორმალური მინისტერიალის შემდეგ, იმართება ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ევროპარლამენტარები და პარლამენტის წევრები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
„ეს ფორუმი ძირითადად მიეძღვნება ევროკავშირის გაფართოების საკითხს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, ამ შემთხვევაში, მიწვეულია ფორუმზე. საქართველო უკვე განიხილება, როგორც გაფართოების ერთ-ერთი კანდიდატი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერჯერობით კანდიდატის სტატუსი არ გვაქვს, ამის მიუხედავად, ყველა იმ ფორმატში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც გაფართოებას შეეხება. მე მექნება გამოსვლა ამ ფორუმზე, ერთ-ერთ პანელზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ბედს შეეხება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ჩემი მთავარი აქცენტი იქნება, რომ ევროკავშირმა კიდევ უფრო მეტად უნდა იაქტიუროს შავი ზღვის რეგიონში. აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა უკვე საჭიროებს გადახედვას იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უკრაინას და მოლდოვას უკვე გვაქვს წევრობის პერსპექტივა და მყარად ვართ გაფართოების კალათაში, ხოლო ჩვენი მეზობლები – აზერბაიჯანი, სომხეთი და ასევე ბელარუსიც, ამ კალათაში არ არიან, მათი სურვილიც არ არის, რომ ევროკავშირში გაწევრიანდნენ. შესაბამისად, აქ დიფერენცირება იქნება საჭირო და არა მხოლოდ დიფერენცირება, არამედ ზოგადად, მთელი პოლიტიკის გადახედვა იქნება საჭირო აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით. სწორედ ეს იქნება ჩემი მთავარი მოწოდება ფორუმზე, რომ უფრო მეტი და აქტიური ყურადღება ასოცირებულ ტრიოს და ამავდროულად, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის გადახედვა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.