საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „პეგასის“ 17 წლის ხელბურთელი ნიკოლოზ კალანდაძე კარიერას ფრანგულ კლუბ „შამბერიში“ გააგრძელებს.
„შამბერი სავუა“ საფრანგეთის ერთ-ერთი სახელოვანი კლუბია – ქვეყნის 2001 წლის ჩემპიონი, თერთმეტგზის მეორე პრიზიორი და თასის ხუთგზის მფლობელი.
შარშანდელ სეზონზე კლუბმა მესამე ადგილი დაიკავა და EHF თასზე თამაშის უფლება მოიპოვა.
17 წლის ხელბურთელი თავიდანვე ძირითადი გუნდის წევრი არ იქნება – შამბერის სარეზერვო გუნდთან ერთად ითამაშებს საფრანგეთის რიგით მესამე, ნაციონალ 1 დივიზიონში.
ნიკოლოზ კალანდაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და მომავალ სეზონზეც აქვს 18-წლამდელ ჭაბუკთა ნაკრებში თამაშის უფლება, თუმცა 2019 წელს მან უკვე იასპარეზა ეროვნულ გუნდში, IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატზე და გამარჯვებულიც გახდა.