მსოფლიოს 86-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გრუნტის სეზონი მაროკოში, მარაკეშის ტურნირზე გამოსვლით დაიწყო. სამშაბათს ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი მატჩი გამართა და მერვედფინალში გასვლა შეძლო.
ბასილაშვილის მეტოქე იყო იტალიელი მატეო ბერეტინი, რომელიც მსოფლიოს 104-ე ჩოგანია. ეს ჩოგბურთელები ადრე ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს – 2014 წელს, “ჩელენჯერის” სერიის ტურნირზე ქართველმა ორ სეტში მოიგო – 7:5, 7:6(4).
მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილი რეიტინგში უფრო მაღლა დგას, ბუკმეიკერები აშკარა უპირატესობას იტალიელს ანიჭებდნენ. ბასილაშვილმა მეტოქის პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა, მაგრამ იქვე დათმო საკუთარი მოწოდება. ამის შემდეგ, ჩოგბურთელებს თითქმის არ ეძლეოდათ ერთმანეთის გეიმების მოგების საშუალება – პირველი სეტის ბოლომდე ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ბერეტინის ჰქონდა, მაგრამ იტალიელმა შანსი ვერ გამოიყენა. შესაბამისად, დაინიშნა ტაი-ბრეიკი, რომელიც ბასილაშვილმა მაღალ დონეზე წარმართა – არც ერთი საკუთარი მოწოდება არ წააგო და 7:2 მოიგო.
ჩოგბურთელები მეორე სეტშიც იოლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს. პირველად ბრეიკ-პოინტი ბასილაშვილმა მეშვიდე გეიმში მოიპოვა , თანაც სამი, მაგრამ 17-გათამაშებიანი გეიმი მაინც იტალიელმა მოიგო. თუმცა, ნიკამ მეცხრე გეიმში მაინც მოახერხა ბრეიკის შესრულება და მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო.
ქართველმა ბოლო გეიმის აღებაც შეძლო და საათსა და 36 წუთში 7:6(2), 6:4 მოიგო.
ასე რომ, ბასილაშვილი მერვედფინალშია და ამ ეტაპზე მისი მეტოქე გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერისა და მაროკოელი ლამინ უაჰაბის მატჩში გაირკვევა.