ბასილაშვილი VS ციციპასი - ქართველი ინდიან უელსის „მასტერსის“ ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
გრძელდება ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრწყინვალე სვლა ინდიან უელსის „მასტერსზე“. მან პროფესიულ ტურში პირველად დაამარცხა ბერძენი სტეფანოს ციციპასი – 6:4, 2:6, 6:4. შეხვედრა ორი საათი და 11 წუთი გრძელდებოდა.
ბასილაშვილმა პირველი სეტის პირველ ნახევარში დიდი უპირატესობა მოიპოვა – ორმაგი ბრეიკით 4:1 დაწინაურდა. ციციპასმა ერთხელ შეძლო უკუბრეიკის შეასრულება და სეტი ვერ გადაარჩინა. ეს მესამე შემთხვევა იყო ამ ტურნირზე, როცა ბერძენმა პირველი სეტი დათმო. წინა ორ შემთხვევაში ფაბიო ფონინისა და ალექს დე მინორის წინააღმდეგ მან შეძლო ქამბექის შეასრულება, მაგრამ ამჯერად ეს ვერ მოახერხა.
მეორე სეტიდან ინიციატივა ბერძენის მხარეს გადავიდა. მან ბასილაშვილი ბრეიკ-პოინტამდე არ მიუშვა, თავად კი სამი ასეთი შანსიდან ორი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ამ პარტიაში ნიკამ მეორე მოწოდებაზე ქულა ვერ აიღო.
სამაგიეროდ, მესამე სეტი ბასილაშვილისთვის კარგად დაიწყო. ქართველმა პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა, რასაც მეოთხე გეიმში ციციპასის უკუბრეიკი მოჰყვა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მეშვიდე გეიმი, რომელშიც ნიკამ ისევ აიღო მეტოქის მოწოდება, შემდეგ ერთი ბრეიკ-პოინტო მოიგერია და კარიერაში პირველად გავიდა „მასტერსის“ სერიის ტურნირის ნახევარფინალში. მისი მეტოქე გერმანელ ალექსანდრ ზვერევსა და ამერიკელ ტეილორ ფრიტცს შორის გამარჯვებული იქნება.