ნიკოლო ძანიოლომ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ამ სეზონზე ვერ ითამაშებს
„რომას“ ნახევარმცველმა ნიკოლო ძანიოლომ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ სერია A-ს მატჩში მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მენისკი დაიზიანა. 20 წლის ფეხბურთელს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, – წერს „რომას“ ოფიციალური „ტვიტერი“.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტრავმა პირველ ტაიმში ერთ-ერთი შეჯახებისას მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. ექიმების ვარაუდით, აღდგენით პროცესს ექვსი თვე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძანიოლო ამ სეზონზე მოედანზე ვეღარ გავა და დიდი ალბათობით, გამოტოვებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს, რომელიც 12 ივნისს დაიწყება.
ამ სეზონზე ნახევარმცველმა 24 ოფიციალური მატჩი ჩაატარა „რომას“ შემადგენლობაში, ექვსი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.