ნიკოლა იოკიჩი - ფინალური სერია გრძელია და დისციპლინის გარეშე წარმატების მიღწევა რთული იქნება #1TVSPORT
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში „მაიამი ჰიტმა“ სტუმრად „დენვერ ნაგეტსი“ 111:108 დაამარცხა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
„დენვერის“ შემადგენლობაში გამორჩეული კვლავ ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც 41 ქულა დააგროვა. მატჩის შემდეგ სერბმა განაცხადა, რომ წარუმატებლობის განმაპირობებელი მიზეზი მეოთხე მეოთხედში გუნდის არადამაჯერებელი თამაში იყო.
„მეოთხე მეოთხედში საკუთარი თამაში ვერ ვაჩვენეთ, ისინი ჩვენზე უკეთ მოქმედებდნენ. 36 ქულა გავუშვით, რაც ძალიან ბევრია. ასევე უკეთესები იყვნენ მოხსნის დროსაც. ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, ჩვენი მარცხი განაპირობა.
საკუთარ სტატისტიკაზე არ ვფიქრობ, მთავარია გუნდური წარმატება. არ ვიცი, რატომ ვერ დავაგროვე ოთხ შედეგიან გადაცემაზე მეტი, თუმცა მიზეზების ძებნას არ ვაპირებ, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
სამქულიანის ხაზიდან „მაიამი“ 48%-ით გვიტევდა, რაც სერიოზული მაჩვენებელია. მეტი დისციპლინა გვმართებს პერიმეტრის დაცვის დროს, დისციპლინის გარეშე არაფერი გამოვა, რადგან სერია გრძელია და მეტოქე შეცდომებს არ გვპატიობს.
პლეი ოფში თითოეული თამაში განსხვავებულია – ხან იგებ, ხან აგებ. ვიცით, რომ სახლში პირველად დავმარცხდით მიმდინარე პლეი ოფში. ვეცდებით, მეტოქის მოედანზე გავიმარჯვოთ“, – განაცხადა იოკიჩმა.
„მაიამისა“ და „დენვერს“ შორის სუპერფინალური სერიის მესამე თამაში 8 ივნისს ფლორიდაში, „ჰიტის“ საშინაო მოედანზე გაიმართება.