ფრანგული კლუბი „გრენობლის“ ვებგვერდმა, რომელშიც ახალი სეზონიდან ბურჯი ნიკა ნეფარიძე ითამაშებს, 24 წლის ქართველ ახალწვეულთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.
მოგვიყევით თქვენს კარიერაზე.
საფრანგეთში 2015 წელს ჩამოვედი. თავიდან „კლერმონში“ ჩავირიცხე, კლუბში, რომლის განვითარების ცენტრშიც სამი წელი გავატარე. 2018 წელს ხელშეკრულება გავაფორმე „ვანთან“, ხოლო ერთ წელში კი „გრენობლთან“, მაგრამ წინა კლუბში არენდით ერთი სეზონიც ვითამაშე და ახლა უკვე აქ ვარ!
საცხოვრებელი ბინა უკვე მონახეთ?
დიახ, ჩემი სახლი ბაზიდან 10 წუთშია. კარგი ბინაა.
როგორც ვიცით, თქვენ კარგად იცნობთ „გრენობლის“ კიდევ ერთ ახალწვეულ ჟულიენ პიუს…
დიახ, მე და ჟულიენი კლერმონის შემადგენლობაში ვთამაშობდით და „ესპუარებს“ შორის საფრანგეთის ჩემპიონებიც გავხდით. ჩვენთან ერთად სამი წლის მანძილზე თამაშობდა მაიკლ სიმუტოგაც, რომელიც ამჟამად ასევე „გრენობლშია“.
რაგბის რომელ კომპონენტში ხარ ძლიერი?
მე, ისევე როგორც ყველა ქართველ მორაგბეს, შერკინება მიყვარს.
თქვენ „გრენობლში“ ერთადერთი ქართველი არ იქნებით…
ასეა – ჩვენ სამნი ვართ. მე და ილია კაიკაციშვილი აქ პირველ სეზონს გავატარებთ, ხოლო ნიკა გვალაძე „გრენობლში“ 2018 წლიდან თამაშობს.
შეგახსენებთ, რომ „გრენობლი“ საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონ „პროდ2“-ში (ProD2) შარშან დაქვეითდა და „ტოპ 14“-ში (Top 14) დაბრუნების ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტია.