გენერალური პროკურატურის მიმართვას, ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობის შესახებ, საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტები განიხილავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა, საკომიტეტო განხილვა ხვალ დილითვე ჩატარდება. ამასთან, ხვალვე პლენარულ სხდომაზე იქნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტმა იმსჯელოს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოტანილია დადგენილება ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.