ნიკა კვეკვესკირს გულშემატკივრის იმედი აქვს - ვატო არველაძემ გუნდთან ერთად ივარჯიშა
ნიკა კვეკვესკირს გულშემატკივრის იმედი აქვს - ვატო არველაძემ გუნდთან ერთად ივარჯიშა

სამი დღეა საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის პირველი თამაშებისთვის სრული დატვირთვით ემზადება. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, გუნდი კვლავ ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ვარჯიშობს.

დღეს გუნდთან ერთად სრულად დაიტვირთა ვატო არველაძე, რომელიც პირველი ორი დღე ინდივიდუალურად ემზადებოდა. დღევანდელი სავარჯიშო პროცესის ძირითადი ნაწილი ორმხრივ თამაშს დაეთმო, ხვალ კი ვლადიმირ ვაისის გუნდი “დინამო არენაზე” ივარჯიშებს.

წლის პირველ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა.

„გულშემატკივრის მსგავსად, ჩვენც ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. ერთა ლიგაზე მიღწეული დადებითი შედეგის და შემტევი, ლამაზი ფეხბურთის ჩვენების შემდეგ ფეხბურთელებს ჩვენი რეალური შესაძლებლობები გვაინტერესებს. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და ამაზე უკეთეს გამოცდას ვერც წარმოვიდგენდით“,- განაცხადა კვეკვესკირმა.

ნაკრების ნახევარმცველის თქმით, ეროვნულ გუნდმა საკუთარი სტილი გააჩნია.

„რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, ჩვენი თამაში ვიპოვეთ და შესაბამისად, თავდაჯერება მოგვემატა. რა თქმა უნდა, ამას მაყურებლის ფაქტორი დაემატება. ქართველი გულშემატკივარი ჩვენთვის ყოველთვის დიდი ძალაა და მათი დახმარება ასეთ მატჩზე განსაკუთრებით გვჭირდება. ყველა მოთამაშე მოტივირებულია და შვეიცარიის შეხვედრას ელოდება. რა თქმა უნდა, საკვალიფიკაციო ეტაპის კარგი თამაშითა და გამარჯვებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა კვეკვესკირმა.

ამასთან, საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე, შვეიცარიის ეროვნული გუნდი, თბილისში 21 მარტს, საღამოს, ჩარტერული რეისით ჩამოვა.

საქართველო-შვეიცარიის მატჩზე დასასწრები 5, 10, 15 და 25 ლარიანი ბილეთების შეძენა როგორც ინტერნეტით (tkt.ge) , აგრეთვე „დინამო არენას“ სალაროებში ყოველდღიურად შეგიძლიათ.