ნიკა კვეკვესკირი - ქულები დავკარგეთ და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წავაგეთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრით უკმაყოფილო დარჩა, რომელიც პოლონეთის ქალაქ ტიხის სტადიონზე სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან ანგარიშით 2:2 დასრულდა.
„შედეგი დასანანია, ორი ქულა დავკარგეთ. ასეთი თამაშის შემდეგ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს წავაგეთ. მით უმეტეს, როდესაც გავიგეთ, რომ ესტონეთი-ჩრდილოეთ მაკედონიის თამაში ფრედ დასრულდა. გვქონდა შანსი, რომ ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერები გავმხდარიყავით და ორი ქულით წინ გავსულიყავით. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, მოსაგები შეხვედრა იყო, რადგან მე პირადად ვერ ვიხსენებ სომხეთის რეალურ მომენტს, საპირისპიროდ კი გვქონდა 4-5 კარგი საგოლე ეპიზოდი. ერთა ლიგის ფორმატმა განაპირობა ის, რომ ჯგუფში წარმატება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებზეა დამოკიდებული. დღეს, ეს გუნდი ჩვენი პირდაპირი კონკურენტია, მაგრამ სკოპიეში იმისთვის მივდივართ, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ“, – ამბობს ნიკა კვეკვესკირი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ 14 ოქტომბერს გამართავს. მატჩი სკოპიეს „ფილიპე II არენაზე“ თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება – შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.