ნიკა კვეკვესკირი - ბელარუსთან მატჩისთვის სასურველი ფსიქოლოგიური ბაზისის შექმნა უნდა შევძლოთ
„დინამო-არენას“ მედიადარბაზში გამართულ პრესკონფრენეციაზე, რომელიც ერთა ლიგის C2 ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრას მიეძღვნა, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვლადიმირ ვაისთან ერთად მედიას ეროვნული გუნდის მოთამაშე და ყაზახური „ტობოლის“ ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი იმყოფებოდა. ის ყაზახეთში თამაშობს, სადაც ჩემპიონატი მცირე ხნის წინ განახლდა. ნიკამ მომავალ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.
„ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება და თამაში, თავიდან ეს ფეხბურთელებისთვის ძნელი იყო – ბავშვობიდან ფეხბურთს გულშემატკივრისთვის ვთამაშობთ და ეს წაგვართვეს. ახლა გვაქვს შანსი, ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე წარმოვადგინოთ. რაც შეეხება ფიზიკურ მომზადებას, პაუზის შემდეგ 9 დღეში 270 წუთის თამაში იოლი არაა. გართულებული იყო ფრენაც, მე და ჯაბა კანაკავა 24 საათი მოვდიოდით, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში თამაში ისეთ ემოციებს უკავშირდება, შესაძლოა, ფიზიკური უკმარისობა ამ ფსიქოლოგიური განწყობით გადავფაროთ. ბელარუსთან ფსიქოლოგიური განწყობა ბევრს გადაწყვეტს. ესტონეთთან მოგებამ მაჩვენა, რომ კარგად თამაში შეგვიძლია. უნდა მოვასწროთ ძალების აღდგენა, მოგება და ბელარუსთან მატჩამდე სასურველი ფსიქოლოგიური ბაზისის შექმნა,“ – ამბობს ნიკა კვეკვესკირი.
ის ბელარუსთან უმაყურებლოდ თამაშს უარყოფითად აფასებს:
„ქართელი გულშემატკივარი „დინამო-არენაზე“ ჩვენთვის წნეხი არასოდეს ყოფილა, დიდი ძალაა. გულდასაწყვეტია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვერ დაგვეხმარებიან. როცა ქართველები ვერთიანდებით, ბევრი რამ შეგვიძლია. ამიტომ, ქომაგს თანადგომას ვთხოვ“.
ერთა ლიგის C2 ჯგუფში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩი 8 სექტემბერს „დინამო-არენაზე“ გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 20.00 საათზე დაიწყება და უმაყურებლოდ ჩატარდება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.