ნიკა კვეკვესკირი - ამ რეალობაში ადამიანებისთვის სანაკრებო წარმატება დიდი სტიმულია, სწორედ ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ
ერთა ლიგაზე ესტონეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებთან მოახლოებულ შეხვედრებზე კომენტარი ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა – საქართველოს ეროვნული გუნდისა და ყაზახური კოსტანას „ტობოლის“ ნახევარმცველმა საკუთარ მოლოდინზე ილაპარაკა.
„ხანგრძლივი იძულებითი სანაკრებო პაუზის შემდეგ ამ შეკრებას ყველა დიდხანს ველოდით, გუნდში იდეალური ატმოსფეროა, ფეხბურთელების უმრავლესობა სხვადასხვა ქვეყანაში ვთამაშობთ და მხოლოდ დისტანციურად გვიწევდა ერთმანეთთან კონტაქტი, რაც ნამდვილად უჩვეულო იყო. ყველას ძალიან მოგვენატრა სანაკრებო გარემო და რაც მთავარია ერთად თამაში“, – ამბობს ნიკა კვეკვესკირი.
მისი თქმით, მომავალ მატჩებს გუნდის წევრები იმედიანად ელიან:
„ერთა ლიგის პირველი გათამაშების შემდეგ, სულ სხვა მოლოდინი იყო 2020 წელთან დაკავშირებით, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენ მაინც ოპიტიმისტურად ვართ განწყობილი და დიდი მოლოდინი გვაქვს. დღეს, ნაკრების თითოეული წევრი კარგი განყობით არის ვარჯიშზე და ვეცდებით, რომ ეს ხასიათი თამაშზე ავსახოთ, შესაბამისად ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულოთ უახლოესი ორი შეხვედრა. რაც შეეხება ერთა ლიგის ახალ გათამაშებას, ეს არის ახალი ტურნირი, ახალი ციკლი შესაძლებლობების გამოსავლენად. განწყობა უცვლელია, გვსურს რომ წარმატებისთვის ვიბრძოლოთ ამ ჯგუფშიც“.
გამოცდილმა ნახევარმცველმა პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებზეც ილაპარაკა:
„საფეხბურთო სამყაროში ბევრი სიახლეა როგორც საორგანიზაციო კუთხით, ისე შეზღუდვების მხრივ. ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ სანაკრებო თამაშის ჩატარება ცარიელ „დინამო არენაზე“ მოგვიწევდა. ჩვენ მაყურებელს ნამდვილად განებივრებული ვყავართ, სანაკრებო თამაშებზე ყოველთვის ანშლაგია, რაც ფეხბურთელისთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა. უმაყურებლო ტრიბუნა საშინაო თამაშზე უდიდესი დანაკლისი იქნება. თუმცა, მიუხედავად ასეთი ვითარებისა, გულშემატკივრის გვერდში დგომას და მხარდაჭერას ვგრძნობთ. ნაკრების გასვლით და საშინაო თამაშებს ყველა მოუთმენლად ელოდება. ამ რეალობაში ადამიანებისთვის ნებისმიერი სანაკრებო წარმატება დიდი სტიმული იქნება, ამიტომ ჩვენ მაქსიმალური შედეგისთვის უნდა ვიბრძოლოთ“.