ნიკა კვარაცხელიას დედა მიიჩნევს, რომ მისი შვილის მკვლელობას დამკვეთი ჰყავდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. მოკლულის დედის, იზა ომაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მკვლელობას დამკვეთები ჰყავს. მისი თქმით, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე კანონის სრული სიმკაცრით, ჯგუფური ძალადობისთვის უნდა დაისაჯონ.
„ველოდები განაჩენს. ეჭვადაც არ მაქვს, რომ არ იქნება სამართლიანი. დარწმუნებული ვარ, ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობისთვის მიესჯებათ მკვლელ კავილაძეს და მკვლელ ჭელიძეს. ეჭვადაც არ მაქვს, სხვა უფლება არ აქვთ, მათ არ მიუსაჯონ მკვლელობისთვის. მე ვთქვი, თუ თანამზრახველები არ არიან დასჯილი, მაშინ იკვეთება, რომ გამოძიება არ მუშაობდა კარგად; მაშინ თანამზრახველები აქამდე უნდა იყვნენ დაკავებული აუცილებლად და თანამზრახველები ნამდვილად ჰყავს, მაგრამ მე ვერავის სახელს გამოვყოფ და არ ვასახელებ. გაუსვით ამას ხაზი – მე არავის დასჯას არ ვითხოვ, მე ვითხოვ მათ გადარჩენას, ისინი არ დაისაჯნენ შესაბამის დროს. თანამზრახველები უნდა გადავარჩინოთ. მაქვს ეჭვი, ვიღაცები რაღაც-რაღაცებს აკეთებინებენ. მე ვფიქრობ, იმიტომ, რომ ნიკო იყო წარმატებული ახალგაზრდა, ჰქონდა ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტი, რომელიც ქვეყნისთვის იქნებოდა წარმატების საწინდარი, არ იცნობდა კაველიძე-ჭელიძეს და იმ ორ საცოდავ ახალგაზრდას არ შეეძლოთ, მოეკლათ ჩემი შვილი, ამ დონეზე შემიძლია, ვიფიქრო, რომ ჰყავს დამკვეთი“, – განაცხადა იზა ომაძე.