ნიკა ხორხელი „სამგურალიდან“ კარიერას „ბეითარში“ გააგრძელებს #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა ხორხელი კარიერას ისრაელის უმაღლესი ლიგის კლუბ იერუსალიმის „ბეითარში” გააგრძელებს, – ინფორმაციას კლუბები ადასტურებენ.
„სამგურალთან” ერთად ხორხელმა ბოლო ვარჯიში 4 თებერვალს ჩაატარა და ისრაელში გაემგზავრა. იერუსალიმის კლუბმა 22 წლის ქართველი ფეხბურთელი დღეს წარადგინა.
„22 წლის ნახევარმცველი ნიკა ხორხელი ისრაელშია, იერუსალიმის „ბეითართან“ კონტრაქტი გააფორმა და გუნდს შეუერთდება. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ისრაელში დღეს ჩამოვიდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, ხორხელი ჩვენთან წლის ბოლომდე იჯარით ითამაშებს“, – წერია „ბეითარის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ნიკა „საბურთალოს“ აკადემიიდან „დინამო თბილისის“ აკადემიაში გადავიდა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასთან, ზურიკო დავითაშვილსა და ანრი მექვაბიშვილთან ერთად იზრდებოდა. თავისი ასაკის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშე გახლდათ.
პროფესიული კარიერა ბოლნისის „სიონში“ დაიწყო, გუნდს პირველ ლიგაში გასვლაში დაეხმარა და სეზონში ცხრა გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ხორხელი წყალტუბოს „სამგურალში“ გადავიდა, სადაც გასულ სეზონში 38 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ხორხელი იყო რამაზ სვანაძის ფორმაციის იმ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრი, რომელმაც ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე რვა საუკეთესო გუნდს შორის გასვლა მოახერხა.