ნიკა ხორხელი - ჭელიძე ამბიციური მწვრთნელია და ჩვენი მიზნები ერთმანეთს ემთხვევა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალის“ ახალწვეულებმა, ლუკა და ნიკა ხორხელებმა ახალ გუნდთან ადაპტაციაზე, შეკრებასა და ახალი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
ლუკა ხორხელი: „ადაპტაცია არ გამიჭირდა, რადგან გუნდში ძალიან თბილად შემხვდნენ. საქართველოში მაინც ყველა ყველას ვიცნობთ. ერთმანეთი უფრო ახლოს გავიცანით. ჩემთვის ძმასთან ერთად თამაში ძალიან სასიამოვნოა, რადგან მესამე წელია, ერთ გუნდში ვთამაშობთ და, ჩემი აზრით, ერთმანეთს კარგად ვუგებთ. შეკრება კარგად მიდის, ერთი თვე გვიწევს თურქეთში ვარჯიში. ფიზიკური დატვირთვის კუთხით პირველი ეტაპი რთული იყო. მეორე ეტაპზე მეტი თამაში გვაქვს და ვფიქრობ, რომ კარგად მომზადებაში გამოგვადგება“.
ნიკა ხორხელი: „მე და ლუკას ბიჭები ძალიან თბილად და კარგად დაგვხდნენ. უკვე ერთი თვე გახდება, რაც შეკრებაზე ვართ და ყველასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, გუნდში კი ძალიან კარგი გარემოა. სამი ამხანაგური თამაში ჩავატარეთ, ორი მოვიგეთ, ერთშიც დავმარცხდით და კარგი გამოცდილება მივიღეთ. ერთი გოლი მეც გავიტანე, რაც საჭიროა, რადგან ახალ გუნდში უნდა დაამტკიცო, რომ შანსს და თამაშს იმსახურებ. გიორგი ჭელიძესთან (მთავარი მწვრთნელი) მუშაობა „სიონშიც“ მოგვიხდა. მაგრამ მანამდეც ვიცნობდით, ძალიან ამბიციური მწვრთნელია და ჩვენი მიზნები ერთმანეთს ემთხვევა“.
ძმები ლუკა და ნიკა ხორხელები ბოლნისის „სიონში“ 2021 წლიდან თამაშობენ და, ასაკის მიუხედავად, გუნდის ლიდერები გახდნენ. ისინი წყალტუბოს „სამგურალში“ წელს გადავიდნენ.