ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში დღეს 57, 65, 79 და 92 კილოგრამი წონითი კატეგორიების თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ.
საქართველოს სახელით ხალიჩაზე გოგა ძიგუა (57კგ), ედემი ბოლქვაძე (65კგ), ნიკა კენჭაძე (79კგ) და ირაკლი მწითური (92კგ) გამოვიდნენ, საიდანაც ნახევარფინალში მხოლოდ კენჭაძე იჭიდავებს.
ქართველი ფალავანი ფინალში გასასვლელად ირანელ სპორტსმენს შეხვდება. ტურნირზე რეპაშაჟიდან ბრინჯაოს მედლის შანსს ირაკლი მწითური იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ მისი დამმარცხებელი ირანელი მოჭიდავე ფინალში გასვლას შეძლებს.
დღევანდელი ნახევარფინალური დაპირისპირებები 18:30 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე წარმატებულად იასპარეზა და დღეს ფინალში იჭიდავებს ქართველი მძიმეწონოსანი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი. ნახევარფინალში მან ყაზახი სპორტსმენი 10:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ირანელ ზარეს შეხვდება.
ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ავთანდილ კენჭაძე (74კგ), რომელიც ნახევარფინალში სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ოს სალკაზანოვთან დამარცხდა. ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე დაიწყება.