ნიკა კაჭარავა - სომხეთთან მეტის გატანა და ნაკლების გაშვება შეგვეძლო
ნიკა კაჭარავა პოლონეთის ქალაქ ტიხის სტადიონზე სომხეთის ნაკრების კარში გატანილი პირველი გოლის ავტორი გახდა და ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში გატანილი ორი გოლით, თორნიკე ოქრიაშვილთან ერთად, „ჯვაროსნების“ საუკეთესო თავდამსხმელია.
გოლის გატანის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული გუნდისა და პოლონური პოზნანის „ლეხის“ თავდამსხმელი ერთა ლიგის მესამე ტურში ფრედ (2:2) დასრულებული მატჩით უკმაყოფილო დარჩა.
„ნაკრებში გატანილი გოლი ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა, მაგრამ ცუდია, რომ სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ. თამაშიდან გამომდინარე, საბოლოო შედეგი გულდასაწყვეტია. უპირატესობას ვფლობდით, შეგვეძლო მეტის გატანა და ნაკლების გაშვება“, – ამბობს ნიკა კაჭარავა.
„ჯვაროსნების“ 26 წლის თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს: „რაც მთავარია, ყველაფერი წინ არის, (ჩვენ და ჩრდილოეთ მაკედონიას) ისევ თანაბარი ქულები გვაქვს და ჯგუფის სათავეში ვართ. სკოპიეში გასამართ შემდეგ თამაშზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული“.