ნიკა კაჭარავა - შემადგენლობის მიხედვით „ტორპედო“ ჩემპიონატის ფავორიტია #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოში“ გადასვლის შემდეგ ნიკა კაჭარავამ პირველი კომენტარი გააკეთა:
„მადლობა მთელ გუნდს ნდობისთვის – მწვრთნელებსა და კლუბის ხელმძღვანელობას. მოხარული ვარ გუნდში ჩარიცხვით და შევეცდები, რომ „ტორპედოს“ დასახული მიზნების შესრულებაში მაქსიმალურად დავეხმარო.
უცხო გარემოში არ მოვხვედრილვარ და ადაპტაციისთვის დიდი დრო არ დამჭირდა. უკვე თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ამ გუნდში დიდი ხანია ვთამაშობ და მრავალი სეზონი მაქვს ჩატარებული.
შემადგენლობის მიხედვით, რა თქმა უნდა, ჩემპიონატის ფავორიტები ვართ, მაგრამ ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ“, – ამბობს ნიკა კაჭარავა.
29 წლის თავდამსხმელი თურქულ შეკრებაზე იმყოფება და სეზონისთვის „ტორპედოსთან“ ერთად ემზადება. კაჭარავას უთამაშია ყაზანის „რუბინში“, „როსტოვში“, კვიპროსულ „ანორთოსისში“, ბერძნულ „ეთნიკოსში“, პოლონურ „ლეხსა“ და „კორონაში“. კაჭარავა ბოლოს სამხრეთ კორეის „ჯეონამ დრაგონსში“ თამაშობდა.
იყო საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრების ფეხბურთელი. ეროვნულ ნაკრებში კი 24 მატჩი აქვს ჩატარებული.