ნიკა გვარამია - პატიმრობა მირჩევნია იმას, რასაც მოსამართლე მთავაზობს
„რუსთავი 2“-ის ქონებრივი უფლების გაფლანგვის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების, ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის შესავალი სიტყვები მოისმინა.
ხუთსაათიან სხდომაზე ბრალდებულებმა წარდგენილ ბრალს აბსურდული და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს. სხდომა დაცვის მხარისა და მოსამართლის კამათით დასრულდა, რაც ამ საქმეზე ჩანიშნული სხდომების ინტენსივობას ეხებოდა.
როგორც გვარამიამ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სასამართლოში კვირაში მხოლოდ ერთხელ ივლის, თუნდაც აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალონ.
„ყოველ მეორე დღეს პროცესების ჩანიშვნა ნიშნავს მარტივ რამეს – ამ მოსამართლემ მე ახლა ამგვარი გრაფიკით ეფექტურად ამიკრძალა „მთავარის“ დირექტორობა, მან მომხსნა ფაქტობრივად, თავისი ჭკუით ყოველ შემთხვევაში. ანუ, ყოველ მეორე დღეს რომ პროცესია, მე წინა დღის უნდა გავეცნო მასალებს, შეკითხვები უნდა დავსვა, ვიცოდე და მზად ვიყო, რადგან ეს მოწმეების დაკითხვაა. შესაბამისად, მთელი თებერვალი, რომელიც მან ყოველ მეორე დღეს ჩანიშნა, სამსახურში არ უნდა ვიარო, ეს გამორიცხულია. არჩევანს ტელეკომპანია „მთავარსა“ და ამ სამარცხვინო ავგიას თავლას შორის, ვაკეთებ „მთავარის“ სასარგებლოდ. მე შემიძლია, პროცესს კვირაში ერთი დღე დავუთმო. არ მოვალ ამ პროცესებზე, ჩემ გარეშე ეს პროცესები ვერ ჩატარდება. ეს მოსამართლე არის ამ ავგიას თავლის ერთ-ერთი ბინძური ცხენი და მე მასთან აკადემიურ ფარგლებში კომუნიკაციის გაგრძელებას ნამდვილად არ ვაპირებ. ვივლი კვირაში ერთხელ ისე, რომ შევძლო ჩემი ტელევიზიის ხელმძღვანელობა და თუ უნდათ, შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება და შემიცვალონ პატიმრობით. პატიმრობა მირჩევნია იმას, რასაც ახლა ეს კაცი მთავაზობს. მატარონ ძალით პროცესებზე, პატიმრობაში გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს, წერტილი!“ – განაცხადა გვარამიამ.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ „რუსთავი 2“-ის საქმის გრაფიკი განსაზღვრა. მისი გადაწყვეტილებით, დღევანდელი პროცესის შემდეგ, თებერვალში კიდევ ხუთი პროცესი ჩაინიშნა, მათ შორის შემდეგი 17 თებერვალს.
რაც შეეხება დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის შესავალ სიტყვებს, როგორც საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, ბრალდებულები და მათი ადვოკატები უსუსურად შეეცადნენ იმის მტკიცებას, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ. პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს აქვს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლის ფარგლებშიც, ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.
გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.
კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.
რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.