ნიკა გაგნიძე - ინგლისთან გამარჯვება ნაკრებს ზრდაში დაეხმარება #1TVSPORT
ბათუმის არენაზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ინგლისის ახალგაზრდული გუნდი 3:2 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 70-ე წუთიდან გორის „დილას“ ფეხბურთელი ნიკა გაგნიძე გამოჩნდა. გორელთა 20 წლის ნახევარმცველმა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი გამარჯვებები გუნდს მენტალურად ზრდის.
„სასიხარულოა დღევანდელ თამაშში გამარჯვება. ასეთი ტოპ-ნაკრების წინააღმდეგ პირველად ვითამაშეთ და გამოჩნდა, რომ ბრძოლით და მონდომებით ყველაფერია შესაძლებელი. მადლობა გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის, მათ შესანიშნავი ატმოსფერო შეგვიქმნეს. ასეთი გამარჯვებები გუნდს სჭირდება და მენტალურად გვზრდის“, – ამბობს ნიკა გაგნიძე.
ნიკა გაგნიძის, ასევე, ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ტიერი მანზისა (რუანდის ნაკრები) და ამოს ნონდი ობიეროს (კენია) არყოფნაში კი გორის „დილამ“ ამხანაგური შეხვედრა ბოლნისის „სიონთან“ ჩაატარა და ანგარიშით 2:4 დამარცხდა.