ნიკა გაგნიძე - „დინამოსთან“ მოგება „დილას“ ფსიქოლოგიურად დაეხმარება
გორის „დილას“ ნახევარმცველმა, ნიკა გაგნიძემ, რომელიც თბილისის „დინამოსთან“ მოგებულ (2:1) შეხვედრაში სტუმართა პირველი გოლის ავტორი იყო, მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ გასვლაზე ლიდერთან მოგება ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანია.
„თბილისის „დინამოსთან“ მატჩი ყოველთვის რთულია, მით უფრო, გასვლაზე. ეს საჭირო სამი ქულა იყო – არა მხოლოდ იმიტომ, რომ ლიდერობა გავიმყარეთ. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს მოგება ფსიქოლოგიურად დაგვეხმარება“, – ამბობს ნიკა გაგნიძე.
გორელთა ნახევარმცველის თქმით, „დილა“ ამ მოგებით დაკმაყოფილებას არ აპირებს: „ჯერ არაფერი დასრულებულა. წინ უმძიმესი შეხვედრები გველის ბათუმის „დინამოსთან“, „საბურთალოსთან“ და „ლოკომოტივთან“, მაგრამ დღევანდელივით ერთსულოვნება თუ გამოვიჩინეთ და ვიბრძოლეთ, ისევე როგორც „დინამოსთან“, ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს“.
აღსანიშნავია, რომ 19 წლის ფეხბურთელმა ბოლო ორ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და „დილას“ ლიდერობაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა. გორელთა ნახევარმცველი საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წევრია.