ბათუმის „დინამოსთან“ ეროვნულ ლიგაში მე-5 ტურის შეხვედრამდე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო არენაზე თბილისის „ლოკომოტივის“ მცველს, ნიკა ჭანტურიას კლუბის სპორტულმა დირექტორმა, თამაზ ბოკერიამ სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
საქმე ისაა, რომ ეროვნული ლიგის გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი, 25 წლის ცენტრალური მცველი „ლოკომოტივის“ მაისურით 150-ე შეხვედრას ატარებდა.
ნიკა ჭანტურია თბილისის „ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი და კაპიტანი. პირველად გუნდის ფორმა 2012 წელს, 16 წლის ასაკში მოირგო. 2013 წელს ქუთაისის „ტოირპედოში“ გადავიდა, მაგრამ ნახევარ წელიწადში დაბრუნდა, 2014 წლის აპრილში კი თბილისის „დინამოში“ გადავიდა, სადაც ერთ წელიწადში გუნდის კაპიტნად აირჩიეს. ნიკა ჭანტურიას სახელი „დინამოს“ ისტორიაში შევიდა, როგორც ამ გუნდის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტნის (მაშინ ნიკა 20 წლის იყო).
ტრავმებმა ჭანტურიას „დინამოში“ თამაშის საშუალება არ მისცა და 2016 წლის იანვარში „ლოკომოტივს“ დაუბრუნდა. მას შემდეგ კლუბი აღარ შეუცვლია. სულ ეროვნულ ლიგაში ჭანტურიამ 168 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.