ნიკა ალავიძე - გერმანიასთან შეხვედრაში ვიხილეთ წინგადადგმული ნაბიჯი საფრანგეთში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატისკენ #1TVSPORT
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი საქართველოს ნაკრებმა თბილისში გერმანიის წინააღმდეგ შეხვედრით გახსნა და, როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე დიდი ანგარიშით 75:12 დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ იოსებ ტყემალაძემ (საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი), თორნიკე გოგებაშვილმა (რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი) და ნიკა ალავიძემ (რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველი) შეხვედრა შეაფასეს.
„მთავარია, რაგბისგან ზეიმი და უმაღლესი დონის სპორტული სანახაობა შევქმნათ, ისე, როგორც ეს დღეს ვიხილეთ. მთელმა საქართველომ არა მარტო თქვას – „რაგბი ჩვენი თამაშია“ – არამედ სტადიონზეც დაუდგეს გვერდში მოთამაშეებს, მისცეს გამარჯვების ბიძგი ყოველ მატჩში”, – თქვა იოსებ ტყემალაძემ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, როდესაც დანარჩენი მსოფლიო დაინახავს ამ ერთობას – ხალხის და რაგბის, უმაღლესი ეშელონის ტურნირებისკენ აუცილებლად გაგვეხსნება კარი.
„ბორჯღალოსნები ამას იმსახურებენ, საქართველო ამას იმსახურებს და ჩვენი სარაგბო ინფრასტრუქტურაც სავსებით პასუხობს უმაღლეს სტანდარტებს”, – აღნიშნა მან.
თორნიკე გოგებაშვილი, რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენ ვიხილეთ სეზონის პირველი თამაში და ჩემპიონების შესაფერისი პირველი გამარჯვება. თითოეული თამაში და გამარჯვება მნიშვნელოვანია იმ დიდ გზაზე, რასაც მსოფლიო თასისთვის მზადება ჰქვია. 2022 წლის ისტორიული გამარჯვებების შემდეგ ჩვენი ნაკრები მსოფლიო ყურადღების ცენტრშია და ჩვენც შესაბამისად ვემზადებით ახალი გამოწვევებისა და მსოფლიო თასისთვის. მადლობა თითოეულ გულშემატკივარს გულმხურვალე ქომაგობისა და ბორჯღალოსნების გვერდში დგომისთვის”.
ნიკა ალავიძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველი: „დიდი მადლობა გულშემატკივარს, ჩვენ ვიხილეთ გადავსებული ავჭალის მოედანი, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა და სრულ მზადყოფნაშია, უმასპინძლოს საერთაშორისო ასპარეზობებს. ვიხილეთ ჩვენი ნაკრების ლაღი და წარმატებული თამაში, კარგი ოპონირება გერმანიის მხრიდან და, საბოლოო ჯამში, ვიხილეთ წინ გადაგმული ნაბიჯი საფრანგეთში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატისკენ”.
შემდეგი ეტაპი რაგბი ევროპის მიმდინარე ტურნირში ჰოლანდიასთან მატჩია, თუმცა ნაკრებისა და გულშემატკივრის მზერა უკვე აქედან სექტემბერში მსოფლიო პიროველობისკენაა მიპყრობილი, სადაც ქართული რაგბისგან ყველა ხმამაღალ და თამამ განაცხადს ელის.