ნიკა აბულაძე კარიერას ინგლისში გააგრძელებს - ქართველი მორაგბე „ექსეტერ ჩიფსში“ ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და „შავი ლომის“ მარცხენა ბურჯი ნიკა აბულაძე კარიერას ინგლისის პრემიერშიფის გუნდ „ექსეტერ ჩიფსში“ გააგრძელებს.
27 წლის მორაგბე ახალ კლუბს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ შეუერთება. აბულაძე „ექსეტერში“ მომდევნო ორ წელს გაატარებს.
ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი კლუბის დირექტორმა რობ ბაქსტერმა გააკეთა:
„ნიკა აბულაძისგან კარგ თამაშს ველი, მისმა თამაშმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თუ მის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება გსურთ, გირჩევთ, შემოდგომის ტესტმატჩებს შეხედოთ, სადაც მან რამდენიმე შეხვედრაში, მათ შორის უელსთან მატჩში, გადამწყვეტი როლი ითამაშა.
აბულაძე ნებისმიერი ქართველივით კარგია სტანდარტულ სიტუაციებში და ამასთან, ბევრად უფრო მოძრავი და ძლიერია ბურთით თამაშის დროს“.
„ექსეტერ ჩიფსი“ 1871 წელს დაარსდა და ორჯერ – 2017 და 2020 წლებში ინგლისის პრემიერშიფის ჩემპიონი, 2020 წელს კი ჩემპიონთა თასის გამარჯვებული გახდა. პრემიერშიფის მიმდინარე გათამაშებაში „ჩიფსი“ 16 თამაშიდან 43 ქულით მე-4 ადგილზეა.
ნიკა აბულაძის სანაკრებო დებიუტი 2022 წელს, იტალიასთან შედგა. დღემდე მის ანგარიშზე 9 სანაკრებო კეპია.