ნიგერიის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად ჰარი რედნაპის კანდიდატურა განიხილება
„ტოტენჰემ ჰოტსპურის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, 73 წლის ჰარი რედნაპი, შესაძლოა ნიგერიის ეროვნულ გუნდს ჩაუდგეს სათავეში. ამ ინფორმაციას ბრიტანული „დეილი სტარი“ ავრცელებს.
„სუპერ არწივების“ ამჟამინდელი დამრიგებლის, გერნოტ რორის კონტრაქტი, მაისის ბოლოს იწურება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციამ მასთან თანამშრომლობა გააგრძელოს. წყაროს ინფორმაციით, რედნაპს აფრიკელები ადრეც სთავაზობდნენ კონტრაქტს, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემის“ გარდა, რედნაპი ისეთ გუნდებს ავარჯიშებდა, როგორებიცაა „ბორნმუთი“, „ვესტ ჰემი“, „ბირმინგემი“ და იორდანიის ეროვნული ნაკრები.