ნიდერლანდელი ჟურნალისტები - მიქაუტაძეს „აიაქსში“ შანსი თავდამსხმელის პოზიციაზე უნდა მიეცეს #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის მიერ საქართველოს ნაკრებში შესრულებული პოკერი (ოთხი გოლი ერთ მატჩში) ნიდერლანდური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ნიდერლანდელ ჟურნალისტებს, ვალენტინ დრისენსა და მაიკ ვერვეის მიაჩნიათ, რომ ქართველ თავდამსხმელს „აიაქსში“ შანსი თავდამსხმელის პოზიციაზე უნდა მიეცეს – ამის შესახებ მათ De Telegraaf Kick off-ის პოდკასტში ისაუბრეს.
ვალენტინ დრისენი: „ვფიქრობ, ფეხბურთელი საკუთარ პოზიციაზე თამაშით უნდა შეაფასო, რაც მიქაუტაძის შემთხვევაში ჯერ არასდროს მომხდარა. ქართველ თავდამსხმელს ამსტერდამში ცენტრფორვარდად არ უთამაშია. ბრობი ბევრს კი ცდილობს გუნდს წარმატება მოუტანოს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ვარსკვლავი და გუნდის შეუცვლელი მოთამაშეა. წარმომიდგენია, როგორ სურს მიქაუტაძეს ითამაშო იქ, სადაც საუკეთესო თვისებებს ავლენს“.
მაიკ ვერვეი: „თუ გავითვალისწინებთ „ალკმაართან“ მიქაუტაძის თამაშს, ვფიქრობ, სასტარტო შემადგენლობაში ადგილს ჯერ არ იმსახურებს. ტაილანდთან გატანილი ოთხი ბურთი ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, არა მგონია, უსუსტეს ნაკრებთან, რომელმაც მგონი, 13-14 წლის ბავშვებით ითამაშა, ოთხი გოლის გატანა რაიმე განსაკუთრებული მოვლენა იყოს. თუმცა, სამართლიანი იქნება, რომ მიქაუტაძეს შანსი ცენტრფორვარდის პოზიციაზე მიეცეს, სადაც თავს ყველაზე კარგად გრძნობს“.
მიქაუტაძე „აიაქსში“ გასულ ზაფხულს ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, სვენ მისლინტატმა მიიყვანა. ქართველი თავდამსხმელი ამსტერდამელებმა თითქმის 19 მილიონ ევროდ ფრანგული „მეციდან“ შეიძინეს. ამ დროისთვის გიორგის „ამსტერდამული კლუბის შემადგენლობაში მხოლოდ 165 წუთი აქვს ჩატარებული და შედეგიანი მოქმედებით (გოლი, საგოლე პასი) თავი ჯერ არ გამოუჩენია.