ნიდერლანდების სამეფო ფედერაციის კლუბებს კომპენსაციას გადაუხდის
ნიდერლანდების სამეფო ფედერაციის კლუბებს კომპენსაციას გადაუხდის

ნიდერლანდების სამეფოს ფეხბურთის ფედერაციამ კომპენსაცია დაუწესა იმ გუნდებს, რომლებმაც სეზონის ნაადრევი შეჩერების გამო იზარალეს.

მაგალითად, „უტრეხტი“ ფედერაციის სოლიდარობის ფონდიდან 600 000 ევროს ნიდერლანდების თასის ფინალის გაუქმებისთვის მიიღებს. ფინალის გამოტოვებით, გუნდმა ტიტულის მოპოვებისა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსი დაკარგა, ასევე – პოტენციური შემოსავალი.

ბოლო კვირების განმავლობაში „უტრეხტმა“ ყველა ღონე იხმარა, რომ თასის ფინალი გამართულიყო. გუნდის გათვლა გასაგებია – ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპზე თამაში მომგებიანია. ჯგუფში მოხვედრისთვის გუნდი 2.85 მილიონ ევროს იღებს, ხოლო ყოველი მოგებისთვის – დამატებით, 550,000 ევროს.

უტრეხტს“ ევროპის ლიგის ასპარეზზე გასვლის კიდევ ერთი შანსი ჩემპიონატიდან ჰქონდა – ტილბურგის „ვილემ II“– ის ალტერნატივად, რომელსაც ეს საგზური სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილის საფუძველზე მიანიჭეს, მაგრამ „უტრეხტი“ ამაშიც დაიჩაგრა, რადგან მეტოქეზე ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა – პროტესტი აქედან გამომდინარეა. უეფა „ვილემ II“- ის ევროპის ლიგაზე მონაწილეობას ოფიციალურად 17 ივნისს, დღეს დაადასტურებს.

ნიდერლანდების სამეფო ფედერაციამ აიღო ვალდებულება, რომ მცირე კომპენსაცია „კამბურსა“ (425,000 ევრო) და „დე გრააფსჰაპსაც“ (375,000 ევრო) დაურიცხოს, რადგან ისინი პირველ დივიზიონში ლიდერობდნენ და, წესით, დაწინაურდებოდნენ, მაგრამ ერედივიზიეში არ დაუშვეს – ბოლოადგილოსნები, „დენ ჰააგი“ და „ვალვაიკი“ ლიგიდან არ გააგდეს.

კომპენსაციას ასევე მიიღებენ პირველ დივიზიონის მესამე და მეოთხე ადგილებზე გასული „ვოლენდამი“ და „ბრედა“, რადგან პლეი ოფის თამაშები არ ათამაშეს. თითოეული მათგანს 50,000 ევრო დაერიცხება.

ნიდერლანდების სამეფო ფედერაციის ცნობით, კომპენსაციების მიზანია, გუნდებს კორონავირუსის დროს წარმოქმნილი ფინანსური და სპორტული პრობლემების შემსუბუქებაში დაეხმაროს. თუმცა, „კამბურისა“ და „დე გრააფსჰაპის“ დანაკარგი მაინც ბევრად მეტია – მომავალ სეზონში, მთავარ ნიდერლანდურ საფეხბურთო ლიგაში ვერგადასვლით, ისინი მინიმუმ 2.5 მილიონ ევროს დაკარგავენ.