ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი - ქართველებთან მატჩში რთული მონაკვეთები გვქონდა, მაგრამ მაინც დამაჯერებლად გავიმარჯვეთ #1TVSPORT
დევინ რენჩი გახარებულია, რომ ნიდერლანდების ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესარჩევ ჯგუფში საქართველო 3:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. გუნდის კაპიტანი და „აიაქსის“ მარჯვენა მცველი ამბობს, რომ, სირთულეების მიუხედავად, გამარჯვებაში დარწმუნებული იყო.
„რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გადაწყვეტილი იყო. თუმცა გვქონდა შანსი, რომ საგზური ოფიციალურად საქართველოსთან შეხვედრაში გაგვეფორმებინა. ჩვენ ეს ძალიან დამაჯერებლად შევძელით.
თამაშში რთული მონაკვეთები გვქონდა. მას შემდეგ, რაც საქართველომ ანგარიში 2:1-მდე შეამცირა, მეტოქეს იმედი გაუჩნდა და თავდაჯერებულობა შესძინა, ჩვენ კი ცოტა არეულად გამოვიყურებოდით. მწვრთნელმა შესვენებაზე გვითხრა, რომ უფრო მაღალი პრესინგით და გრძელი გადაცემებით გვეთამაშა. ამით თამაშზე კონტროლი აღვადგინეთ და მიზანს მივაღწიეთ.
საკვალიფიკაციო ეტაპი ძალიან კარგად ჩავატარეთ. კმაყოფილი ვარ არა მხოლოდ შედეგით, არამედ გუნდის განვითარებით. ბევრ გოლს ვიტანთ და თითქმის არ ვუშვებთ. ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ბევრი ვიმუშავეთ. ეს ზეიმის მიზეზია და, რა თქმა უნდა, აუცილებლად აღვნიშნავთ“, – განაცხადა რენჩმა ESPN-თან.