სტენლის თასის სტარტის წინ, ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ და EA Sports-მა, ტრადიციულად, NHL18-ის მეშვეობით პლეი ოფის სიმულაცია ჩაატარეს.
ვიდეოთამაშმა იწინასწარმეტყველა “ვინიპეგის” ტრიუმფი, რომელმაც ფინალში შვიდ მატჩში (4:3) დაამარცხა “ბოსტონი”. პლეი ოფის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ფინელმა პატრიკ ლაინემ მიიღო, რომელმაც 24 ქულა (15+9) დააგროვა, – წერს EA Sports-ის ოფიციალური გვერდი.
ჰოკეის ეროვნული ლიგის დებიუტანტი “ვეგასი” დასავლეთი კონფერენციის ფინალამდე მივიდა და იქ “ვინიპეგთან” დამარცხდა.
საინტერესოა, რომ წინა ორ სეზონში EA Sports-მა გამოიცნო სტენლის თასის თითო ფინალისტი. ერთი წლის წინ, NHL17-მა იწინასწარმეტყველა “ნეშვილის” გამარჯვება “მონრეალთან”. საბოლოოდ, “პრედატორსი” მართლა მივიდა ფინალამდე, მაგრამ იქ “პიტსბურგთან” დამარცხდა.
2016 წელს, NHL16-მა ფინალში “ვაშინგტონს” “სან ხოსესთან” მოაგებინა. რეალურად, “შარქმა” ფინალში ითამაშა, თუმცა, ისიც “პიტსბურგთან” დამარცხდა.
NHL-ის პლეი ოფი 12 აპრილს იწყება.