ნჰლ-ის მოთამაშეები პლეი ოფისთვის განკუთვნილ ჩაკეტილ სივრცეში ალკოჰოლსა და მარიხუანას იღებდნენ
ნჰლ-ის მოთამაშეები პლეი ოფისთვის განკუთვნილ ჩაკეტილ სივრცეში ალკოჰოლსა და მარიხუანას იღებდნენ

ჰოკეის ეროვნული ლიგის მოთამაშეებმა ანონიმურად ილაპარაკეს იმ დახურულ სივრცეში ცხოვრების შესახებ, სადაც 2019-20 წლების სეზონის პლეი ოფის ეტაპი იმართებოდა.

ტელეკომპანია ESPN-ის ჟურნალისტებმა გამოკითხეს ხუთი მოთამაშე დასავლეთი კონფერენციიდან და ოთხი – აღმოსავლეთიდან.

„ტორონტოს სასტუმროში ბარი იყო. და არ ვხუმრობ, როცა ვამბობ, რომ ყოველ საღამოს იქ იკრიბებოდა თითოეული გუნდის 10-15 მოთამაშე, რომლებსაც მეორე დღეს თამაში არ უწევდათ. იქ იყო ყველა – ვარსკვლავებიც და მეოთხე სამეულის მოთამაშეებიც“, – თქვა ერთმა ჰოკეისტმა.

„რაც უფრო შორს გავდიოდით პლეი ოფში, მით უფრო მეტი იყო სასმელი“, – დაამატა მეორემ.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ჰოკეისტები კანაბისიან მარმელადებს ანიჭებდნენ უპირატესობას.

„იყო კანაბისის საღეჭი მარმელადები, ალკოჰოლი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მოთამაშეები მაინც ცდილობდნენ ეჩვენებინათ ყინულზე ყველაფერი, რაც იცოდნენ. არ მგონია, რომ ჰოკეისტები ალკოჰოლს ან მარმელადს გასართობად იღებდნენ. ეს უფრო იმისთვის იყო, რომ მატჩის შემდეგ ძალები აღედგინათ და დროულად დაეძინათ“, – თქვა დასავლეთის გუნდის ვეტერანმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო სეზონი ჰოკეის ეროვნულ ლიგაში შეწყდა და მოგვიანებით განახლდა სპეციალურად მოწყობილ ზონებში ტორონტოსა და ედმონტონში, სადაც ჰოკეისტები სხვა ადამიანებისგან იზოლირებულნი იყვნენ.