მომდევნო კვირას, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მორიგი ძალიან საინტერესო საღამო ნიუ იორკის „მედისონ სკვერ გარდენში“ გაიმართება. დღის მთავარი ბრძოლა ნეიტ დიასსა და ხორხე მასვიდალს შორის უნდა შემდგარიყო, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ბრძოლა აღარ გაიმართება.
დღეს დიასმა საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა, რომ ჩაგდებული დოპინგ ტესტის გამო მომდევნო კვირას ვეღარ იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ ნეიტი ოქტაგონს სამწლიანი პაუზის შემდეგ სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა. აგვისტოში დიასმა ენტონი პეტისი დაამარცხა და შერეული ორთაბრძოლების რეკორგი 20-11-ზე გააუმჯობესა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, დიასმა მასვიდალი გამოიწვია და სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმა მათი დაპირისპირება ნიუ იორკში. ამერიკული მედიის ინფორმაციით, მასვიდალის წინააღმდეგ სავარაუდოდ ლეონ ედვარდსი იჩხუბებს, რომელსაც ზედიზედ რვა ბრძოლა აქვს მოგებული.