“პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი ნეიმარი იმედგაცრუებულია თავისი გუნდის თამაშით მადრიდის “რეალთან” მერვედფინალის პირველ მატჩში, რომელიც პარიზელებმა 1:3 წააგეს, – იტყობინება Express. როგორც ირკვევა, ბრაზილიელი წარუმატებელ თამაშში ადანაშაულებს მთავარ მწვრთნელს უნაი ემერის, აგრეთვე თანაგუნდელებს – პრესნელ კიმპემბესა და ჯოვანი ლო სელსოს.
ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ ემერის აუცილებლად უნდა დაეყენებინა შემადგენლობაში გუნდის კაპიტანი ტიაგო სილვა. მწვრთნელმა აქცენტი კიმპემბეზე გააკეთა და მეორე ტაიმში მადრიდილებმა ორი გოლი 22 წლის ფეხბურთელის ზონიდან გაიტანეს.
ასევე ნეიმარს მიაჩნია, რომ ემერის არ უნდა მიენიჭებინა უპირატესობა ლო სელსოსთვის, რომელსაც თითქმის არ აქვს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება – მხოლოდ 71 წუთი. ბრაზილიელის აზრით, მოედნის ცენტრში ლასანა დიარას უნდა ეთამაშა.
პსჟ-სა და “რეალს” შორის განმეორებითი მატჩი პარიზში 6 მარტს გაიმართება.