ნეიმარმა კორონავირუსის მესამე ტალღის ფონზე ბრაზილიაში ხუთდღიანი და 500-კაციანი წვეულება მოაწყო
ნეიმარმა კორონავირუსის მესამე ტალღის ფონზე ბრაზილიაში ხუთდღიანი და 500-კაციანი წვეულება მოაწყო

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა მასშტაბური წვეულება მოაწყო ბრაზილიაში, რითაც ქვეყანაში ბევრის აღშფოთება გამოიწვია, – დაწერა გამოცემა O’Globo-ს ჟურნალისტმა ანჩელმო გოიშმა.

28 წლის ფეხბურთელმა ზეიმზე 500 ადამიანი დაპატიჟა. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, წვეულება ნეიმარის სახლში (რიო-დე-ჟანეიროს შტატის მანგარაბიტას მუნიციპალიტეტი) 25 დეკემბერს დაიწყო და ხუთი დღე გაგრძელდება.

ფორვარდმა იზრუნა სახლში ხმის იზოლაციაზე, რათა ამ დღეებში არ შეეწუხებინა მეზობლები. საღამოს ფორმატია – მიწისქვეშა დისკოტეკა იმ ანალოგის მსგავსად, როგორიც ბარსელონეტას პლაჟზე იმართება და მას ნეიმარი ხშირად ესწრებოდა, როცა „ბარსელონაში“ თამაშობდა. ზეიმზე არის საცეკვაო მოედანი, ბარი, სცენა დიჯეისთვის, სათამაშო ოთახი და ვიდეოთამაშების ოთახი.

სტუმრებს აკრძალული ექნებათ მობილური ტელეფონების გამოყენება პრესაში ინფორმაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, ნეიმარმა მეზობლად იქირავა სახლი ხუთი ათას ევროდ, აგრეთვე, მუსიკალური ჯგუფი, რომელიც ხუთი დღის განმავლობაში დაუკრავს.

სტუმრების სია უცნობია, თუმცა საღამოზე ნამდვილად იქნება ნეიმარის და რაფაელა სანტოსი.

უნდა აღინიშნოს, რომ ნეიმარის ასეთმა საქციელმა ბევრი აღაშფოთა ბრაზილიაში, სადაც დღეს პანდემიასა და კორონავირუსის მესამე ტალღას ებრძვიან.