ნეიმარი - ლიონელ მესიმ „ინტერ მაიამიში“ თამაში შემომთავაზა #1TVSPORT
საუდის არაბეთის საფეხბურთო ლიგის გუნდის, „ალ-ჰილალისა“ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ნეიმარმა განაცხადა, რომ ლიონელ მესიმ „ინტერ მაიამიში“ გადასვლა შესთავაზა.
მესი და ნეიმარი „ბარსელონაში“ 2013-2017 წლებში ერთად თამაშობდნენ, მათთან ერთად გუნდში იყო ლუის სუარესიც და ტრიომ 2015 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მოგვიანებით არგენტინელი და ბრაზილიელი პსჟ-ის ღირსებას იცავდნენ (2021-2023 წლები).
„ცოტა ხნის წინ ლიონელ მესის ვესაუბრე და მან „ინტერ მაიამიში“ გადასვლა შემომთავაზა. მითხრა, რომ ჩემი იქ ხილვა სურს“, – განაცხადა ნეიმარმა.
32 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი „ალ-ჰილალში“ გასულ ზაფხულს „პარი სენ-ჟერმენიდან“ გადავიდა. ოქტომბერში მან მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანზე გასვლას კიდევ დიდხანს ვერ შეძლებს.
რაც შეეხება „ინტერ მაიამის“, ამერიკულ გუნდს ლიონელ მესი ასევე გასულ ზაფხულს შეუერთდა, მასთან ერთად იქ ლუის სუარესი, სერხიო ბუსკეტსი და ხორდი ალბაც თამაშობენ.