“პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდმა ნეიმარმა პირველად ილაპარაკა საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ და მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღიც დაასახელა. ეს ერთ-ერთ ბრაზილიურ სატელევიზიო შოუში სტუმრობის დროს მოხდა.
“არ შემიძლია ზუსტად ვიწინასწარმეტყველო, როდის განვაახლებ ვარჯიშებს. ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება აღდგენითი პროცესი.
ბოლო სამედიცინო გამოკვლევა 17 მაისს არის დანიშნული. ასე რომ, თუ დაბრუნების კონკრეტული თარიღის დასახელებას მთხოვთ – ეს 17 მაისია.
მუდმივი კავშირი მაქვს ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ტიტესთან და კოორდინატორ ედუ გასპართან. საკმარისი დრო მექნება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად. ტრავმა ცუდია, მაგრამ თავს დასვენებულად ვგრძნობ.
ვარჯიშების განახლების შემდეგ, მთლიანად სამუშაოზე ვიფიქრებ, რადგან ჩემი ოცნება – მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდება. ამ შესაძლებლობას ოთხი წელი ველოდებოდი”, – განაცხადა ნეიმარმა.
ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 17 ივნისს, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.