„ნეფთჩის“ ყოფილი მცველი - ცხადაძეს შეუძლია, აზერბაიჯანის ჩემპიონის გეგმები არიოს #1TVSPORT
აზერბაიჯანული „ნეფთჩის“ ყოფილმა მცველმა, იაშარ ვახაბზადემ „აზერისპორტთან“ ინტერვიუში „დინამო თბილისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი შესარჩევი ეტაპის მოახლოებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა და საქართველოს ჩემპიონის მთავარ მწვრთნელზე დიდი სიფრთხილით ილაპარაკა.
„ახლა ქართული ფეხბურთში იგივე დონე არ არის, რაც სსრკ-ის დროს. მაშინ მათ მაღალი რეიტინგი ჰქონდათ. თუ იმ დროის „დინამოს“ დღევანდელს შეადარებთ, ესაა ცა და დედამიწა. მოთამაშეთა დონეზეც იგივეს ვიტყვი. ადრე დინამოელები სსრკ ნაკრებში თამაშობდნენ, ალექსანდრე ჩივაძე კი ნაკრების კაპიტანი იყო. მათ ეს პრესტიჟი აღარ აქვთ. ამიტომ, „ნეფთჩის“ გამარჯვებაში ეჭვი ცოტას თუ ეპარება, მაგრამ კახაბერ ცხადაძე არის ფიგურა, რომელსაც შეუძლია გააფუჭოს ჩვენი ჩემპიონის გეგმები“, – განაცხადა იაშარ ვახაბზადემ.
„ნეფთჩის“ ყოფილმა მცველმა „დინამოს“ მწვრთნელის უპირატესობაზე ილაპარაკა:
„ცხადაძემ ჩვენი ფეხბურთი კარგად იცის. მისმა გუნდებმა „ნეფთჩის“ წინააღმდეგ არაერთხელ ითამაშეს. არ მიყვარს პროგნოზების გაკეთება. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ „ნეფთჩისთვის“ ამ ეტაპის გავლა იოლი არ იქნება. ცხადაძე აზერბაიჯანის ჩემპიონს პრობლემებს შეუქმნის, მაგრამ ბაქოელებმა პირველი ეტაპი უნდა გაიარონ“.
ვახაბზადემ ქართულ ფეხბურთზეც ისაუბრა: „ქართველები უფრო ფრთხილი არიან თავიანთ პროგნოზებში. მათი საუკეთესო ფეხბურთელები სათამაშოდ ევროპაში მიდიან. ჩვენი საკლუბო ფეხბურთი უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე საქართველოში. შევძლებთ თუ არა პირველივე მატჩში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 2-ე ეტაპზე გასვლისთვის დიდი ნაბიჯის გადადგმას, ამის თქმა გამიჭირდება. ამჟამინდელ ევროპის ჩემპიონატზე ბევრი სიურპრიზი ვნახეთ. იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენს დაპირისპირებაში არ მოხდება“.