ნეაპოლში მივდივართ და ყველაფერი იქ გადაწყდება - ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი ჩემპიონთა ლიგაზე კვარაცხელიას დახმარებას იმედოვნებს #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტ არჩილ ბერიძის თქმით, მალე გაიხსნება საკლუბო მაღაზია, სადაც მთავარი პროდუქცია ხვიჩა კვარაცხელიას მაისურა იქნება. ამის შესახებ საქართველოს ჩემპიონის ხელმძღვანელმა „სპორტ-ეკსპრესთან“ ისაუბრა.
„ვაპირებთ თუ არა კვარაცხელიას 20-ნომრიანი მაისურების გაყიდვას? ამისათვის ველით ჩვენი ფანშოპის გახსნას. ვფიქრობთ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ საშინაო მატჩამდე (ივლისის პირველ ნახევარში გაიმართება) ამას გავაკეთებთ. ხვიჩას მაისურები უკვე შეკვეთილია, რომელიც ამ პროდუქციის ძირითად ნაწილს შეადგენენ. ჯერჯერობით სტადიონთან არის პატარა მაღაზია, სადაც თამაშების წინ იყიდება ატრიბუტები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბევრად მეტი გვჭირდება“, – ამბობს ბერიძე.
მისი თქმით, იმედი აქვს, რომ „ნაპოლი“ ხვიჩას უფლებას მისცემს ბათუმის „დინამოში“ ჩემპიონთა ლიგაზე ერთი ეტაპი მაინც ითამაშოს, რაშიც ტურნირის დებულება ხელს უწობს.
„მინდა პირველ ეტაპზე მაინც დაგვეხმაროს. მე და ხვიჩას აგენტი ერთ კვირაში ნეაპოლში მივდივართ და იქ ყველაფერი გადაწყდება. ჩვენ გვჯერა, რომ შევძლებთ შეთანხმებას, რადგან ფეხბურთელს შეუძლია ერთ კლუბში ითამაშოს ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხოლო ჯგუფურ ეტაპზე – მეორეში“, – აცხადებს ბათუმის კლუბის პრეზიდენტი.