ნეაპოლში დაბრუნებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ ინდივიდუალურად ივარჯიშა #1TVSPORT
ნეაპოლში დაბრუნებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ ინდივიდუალურად ივარჯიშა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ წლის პირველი ვარჯიში გააცდინა, ის მხოლოდ ინდივიდუალურად დაიტვირთა. ამ ფაქტით გულშემატკივრები გაკვირვებულები დარჩნენ, – ინფორმაციას spazionapoli ავრცელებს.

„საახალწლო ზეიმის შემდეგ „ნაპოლი“ კასტელ ვოლტურნოში დაბრუნდა, სადაც ვალტერ მაძარი და მისი მოთამაშეები „ტორინოსთან“ 7 იანვარს ტურინში დაგეგმილი შეხვედრისთვის ემზადებიან. ამ მატჩს ნეაპოლელები დიდი დანაკლისით ხვდებიან – პოლიტანო დისკვალიფიცირებულია, მეკარე მერეტი სერიოზულადაა დაშავებული, ზამბო-ანგისა კი აფრიკის ერთა თასზე თამაშის გამო გუნდს ვერ დაეხმარება.

გულშემატკივრები გააოცა კლუბის განცხადებამ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით. „ნაპოლიმ“ სოციალურ ქსელებსა და ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებული ვარჯიშის შესახებ პრესრელიზი გამოაქვეყნა.

როგორც ცნობილი გახდა, ქართველმა გუნდთან ერთად 2 იანვარს არ ივარჯიშა, რადგან კლუბს შვებულება სთხოვა და საქართველოში იმყოფებოდა. კვარაცხელია ნეაპოლში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და ნაშუადღევს კასტელ ვოლტურნოს მოედანზე ინდივიდუალურად დაიტვირთა. ის გუნდთან ერთად ვარჯიშს 3 იანვარს დაიწყებს“, – წერს spazionapoli.

აქვე ვიტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ინსტაგრამზე“ საახალწლო მილოცვა გაავრცელა.

„დიდი მადლობა 2023 წელს სიყვარულისთვის, სიხარულისთვის, მიღწევებისა და გამარჯვებებისთვის. ბევრი გამოწვევა იყო, რასაც ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანების მხარდაჭერით და სიყვარულით გავუმკლავდი. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. დაე, 2024 წელს მოეტანოს თქვენთვის ბედნიერება, სიხარული, სიყვარული, კეთილდღეობა და ბევრი წარმატება! გილოცავთ 2024 წელს“, – წერს „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი.