NBA-ში შუასასეზონო ტურნირი დაიწყო - ნიკოლა იოკიჩის „დენვერმა“ ლუკა დონჩიჩის „დალასი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ისტორიაში პირველად, NBA-ში შუასასეზონო ტურნირი დაიწყო. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მესვეურთა ახალ წამოწყებაში ლიგის ყველა გუნდი იქნება ჩართული.
შუასასეზონო გათამაშება მინიტურნირია, რომელიც ჯგუფურ ეტაპსა და ერთმატჩიანი პლეი ოფის ფაზას გულისხმობს. NBA-ს 30 გუნდი ექვს ჯგუფშია გადანაწილებული, თითოეულ ჯგუფში ხუთი გუნდია. ჯგუფური ეტაპის მატჩები 3 ნოემბრიდან ყოველ პარასკევს, 28 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. 4-9 დეკემბერს კი მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი შედგება.
შუასასეზონო ტურნირზე ნაჩვენები შედეგები ავტომატურად აისახება რეგულარული სეზონის კალენდარშიც და მხოლოდ ამ მინიგათამაშების ფინალისტებს მოუწევთ სეზონში 83 თამაშის ჩატარება, დანარჩენი გუნდები, როგორც წესია, 82 შეხვედრას გამართავენ. თითოეული გუნდი ჯგუფში ერთ თამაშს ითამაშებს და პლეი ოფში, თითოეული ჯგუფის პირველადგილოსანთან ერთად, ორი საუკეთესო შედეგის მქონე მეორეადგილოსანიც გავა. ფინალი ლას ვეგასშია დაგეგმილი.
გათამაშების პირველი დღის ცენტრალურ შეხვედრაში NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა, „დენვერ ნაგეტსმა“ ამ სეზონში დაუმარცხებელი „დალას მავერიქსი“ მიიღო და 125:114 სძლია. მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო ნიკოლა იოკიჩი, რომელმაც 33 ქულა, 14 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. „დალასს“ 34 ქულით, 10 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით ლუკა დონჩიჩმა ულიდერა.
ძალიან დაძაბული და შედეგიანი გამოვიდა „ოკლაჰომასა“ და „გოლდენ სტეიტის“ დაპირისპირება, რომელიც 141:139 დასრულდა. მატჩის ბოლო წამებზე გადამწყვეტი ორქულიანი სტეფ კარიმ ჩააგდო. ჯამში, კარის მატჩის განმავლობაში 30 ქულა ჰქონდა.