ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს მიმდინარე სეზონში შედეგიანობის ახალი რეკორდი დამყარდა.
„ატლანტას“ გამთამაშებელმა ტრაე იანგმა „პორტლენდის“ წინააღმდეგ 56 ქულა დააგროვა. მან მოედანზე 37 წუთი და 24 წამი დაჰყო, თამაშიდან 26-ჯერ ისროლა და 17 ჩააგდო, 12-დან შვიდი სამქულიანი და 15-დან ყველა საჯარიმო გამოიყენა. ასევე მან 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. „ატლანტამ“ შეხვედრა 131:136 წააგო.
ამ სეზონში შედეგიანობის წინა რეკორდი „ბრუკლინის“ ფორვარდს კევინ დურანტს ეკუთვნოდა, რომელმაც 12 დეკემბერს, „დეტროიტის“ წინააღმდეგ მატჩში 51 ქულა დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ იანგისთვის 56 ქულა შედეგიანობის კარიერული რეკორდიცაა.