ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა 2023-24 წლების სეზონის კალენდარი.
რეგულარული ჩემპიონატი გაიხსნება 24 ოქტომბერს ორი მატჩით: ახალი ჩემპიონი „დენვერი“ შინ მიიღებს „ლეიკერსს“. მეორე შეხვედრაში „გოლდენ სტეიტი“ და „ფინიქსი“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ამის შემდეგ მნიშვნელოვანი თარიღებიდან უნდა გამოვყოთ 25 ოქტომბერი – დებიუტი უნდა ჰქონდეთ ლიგაში ჩეტ ჰოლმგრენს, რომელმაც მთელი გასული სეზონი გამოტოვა ტრავმის გამო, და 2023 წლის დრაფტის პირველ ნომერს, ვიქტორ ვემბანიამას (სან ანტონიო), რომელიც შეხვდება ლუკა დონჩიჩის „დალასს“.
შობაზე (25 დეკემბერი) ჩატარდება ხუთი მატჩი: მილუოკი-ნიუ იორკი, გოლდენ სტეიტი-დენვერი, ბოსტონი-ლეიკერსი, ფილადელფია-მაიამი და დალასი-ფინიქსი.
იანვარში გაიმართება „დერბების კვირა“, რომელიც 11 მატჩისგან შედგება: ნიუ იორკი-ნიუ ჯერსი და ლეიკერსი-კლიპერსი – 23 იანვარს, ოკლაჰომა-სან ანტონიო და ფინიქსი-დალასი – 24 იანვარს, ბოსტონი-მაიამი და საკრამენტო-გოლდენ სტეიტი – 25 იანვარს, დალასი-ატლანტა და პორტლენდი-სან ანტონიო – 26 იანვარს, მაიამი-ნიუ იორკი, ფილადელფია-დენვერი და ლეიკერსი-გოლდენ სტეიტი – 27 იანვარს.
ასევე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ახალ სეზონში დებიუტი ექნება შიდასასეზონო ტურნირს, რომლის განრიგი უკვე ცნობილია. ტურნირის პირველი მატჩები 3 ნოემბერს ჩატარდება.
რეგულარულ სეზონში თითოეული გუნდი 80 მატჩს ჩაატარებს და არა სტანდარტულ 82 მატჩს. დანარჩენი ორი მატჩის ბედი გადაწყდება იმის მიხედვით, როგორ წარიმართება შიდასასეზონო ტურნირი.