NBA-ის ყოფილ ვარსკვლავს კრივში დებიუტი ექნება #1TVSPORT
NBA-ის ყოფილ ვარსკვლავს კრივში დებიუტი ექნება #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყოფილი ვარსკვლავი დერონ უილიამსი საკრივო ორთაბრძოლას გამართავს ჯეიკ პოლისა და ტომი ფიურის ბრძოლის ანდერკარდზე. მისი მეტოქე იქნება ამერიკული ფეხბურთის პროფესიული ლიგის (NFL) ყოფილი მოთამაშე ფრენკ გორი. ბრძოლა 18 დეკემბერს არის ჩანიშნული.

37 წლის უილიამსი უკვე რამდენიმე წელია ვარჯიშობს შერეულ ორთაბრძოლებში (MMA) და დალასში ცნობილ კლუბ Fortis MMA-ის თანამფლობელია.

„ორთაბრძოლები ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი ადრეული ასაკიდან. ვიდრე კალათბურთელი გავხდებოდი, რესლინგით ვიყავი დაკავებული. 2015 წლიდან MMA-ის დარბაზის მფლობელი ვარ და ამის წყალობით, დაკავებული ვარ სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებით, რათა ფორმა შევინარჩუნო.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ველოდებოდი შესაფერის შესაძლებლობას, რათა ჩემი ვარჯიშები პროფესიულ დონეზე დებიუტად მექცია“, – თქვა უილიამსმა.

უილიამსს NBA-ში „იუტასა“ და „ბრუკლინის“ შემადგენლობაში უთამაშია. სამჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა „ყველა ვარსკვლავის მატჩში“. 2008 და 2012 წლებში აშშ-ის ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.