NBA-ის გუნდის შეტევას გამოაცოცხლებს - CBS სანდრო მამუკელაშვილზე #1TVSPORT
NBA-ის დრაფტის მოახლოებასთან ერთად, იზრდება ინტერესი იმ კალათბურთელების მიმართ, რომლებმაც სხვადასხვა გუნდებში ვარჯიშის დროს თავი კარგად წარმოაჩინეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სანდრო მამუკელაშვილიც ამ მოთამაშეებს შორისაა.
ცნობილი ამერიკული გამოცემა CBS Sports საკმაოდ საინტერესო სტატიას აქვეყნებს, სადაც ავტორი ისეთ კალათბურთელებზე საუბრობს, რომლებიც შესაძლოა, დრაფტზე არ აირჩიონ, მაგრამ შემდეგ მოხვდნენ NBA-ის რომელიმე გუნდში და ჰქონდეთ პროფესიონალური კარიერა. გამოცემა ხუთ კალათბურთელზე საუბრობს, რომელთა შორის სანდრო მამუკელაშვილიცაა.
სანდრო მამუკელაშვილი
2020-21 სტატისტიკა: 17.5 ქულა, 7.6 მოხსნა, 3.2 პასი, 33.6% პერიმეტრიდან
რამდენად ხშირია, როცა 211 სანტიმეტრის სიმაღლის კალათბურთელი გამთამაშებლის მსგავსად აძლევს პასს და ისვრის პერიმეტრიდან? არც ისე, და სანამ მამუკელაშვილის დაცვითი უნარების მიმართ არის გარკვეული კითხვები, მისი შეტევითი პოტენციალი იზრდება. კრიტიკოსებმა, შესაძლოა, მიანიშნონ ბურთის დაკარგვის მაჩვენებელზე, მაგრამ მამუკელაშვილი „სეტონ ჰოლის“ შეტევის საყრდენი წერტილი იყო და კრიტიკულ მომენტებში, ყველა პოზიციაზე ბურთი ხელში ყოველთვის მას ჰქონდა. მამუკელაშვილს შეუძლია მოირგოს როლი NBA-ში და გახდეს ისეთი მოთამაშე, რომელიც სათადარიგო გუნდის შეტევას გამოაცოცხლებს.
პარალელურად, კიდევ ერთმა ამერიკულმა გამოცემამ, Sports Illustrated-მა დრაფტის სავარაუდო ფიქები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც „სეტონ ჰოლის“ ქართველ ფორვარდს მე-60 ნომრად აირჩევენ. ეს არჩევანი კი „ინდიანა პეისერსს“ ეკუთვნის.
შეგახსენებთ, რომ NBA-ის 2021 წლის დრაფტი 29 ივლისს გაიმართება, სადაც მამუკელაშვილის გარდა კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი, გიორგი ბეჟანიშვილი მიიღებს მონაწილეობას.