ნაზი ჯანეზაშვილი - ირაკლი კობახიძემ განწესების ტერმინი ისე განმარტა, ლევან მურუსიძეც კი გაკვირვებული იყურებოდა
პროცედურების პროექტი, რომელიც წარმოდგენილია, ილუზიას ქმნის, რომ ეს არის ერთგვარი სტანდარტი კარგი მოსამართლეების შესარჩევად. ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებს ითვალისწინებს.
არამოსამართლე წევრს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი პროექტი ვერ უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მიზნით, უზენაეს სასამართლოში კადრების გარედან შედინებას. მისივე თქმით, დღეს არსებული პროექტი რეალურად არაფერს ცვლის და მხოლოდ ალამაზებს პროცესს.
„პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე არის მომზადებული, მე არ მომწონს, რადგან მასში არ არის გარანტიები, რომ გარედან ღირსეული, კეთილსინდისიერი და კვალიფიციური კადრები შევლენ. წარმოდგენილი პროექტი ქმნის ილუზიას, რომ ეს არის ერთგვარი სტანდარტი კარგი მოსამართლეების შესარჩევად, თუმცა ვფიქრობ, ეს ასე არ არის, რადგან მხოლოდ ფორმალურად ალამაზებს პროცესს და რეალურად არაფერს ცვლის. საბოლოო ვერსიაში როგორ ჩამოყალიბდება, არ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე რა ვერსიაც მოგვაწოდეს, ნათქვამია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურა შეიძლება იყოს მხოლოდ მოქმედი მოსამართლე, ყოფილი მოსამართლე ან იურისტი, ანუ სამეცნიერო წრის წარმომადგენელი, რომელსაც აქვს მოსამართლის გამოცდა ჩაბარებული. ეს არის მიუღებელი, რადგან სწორედ უზენაესი სასამართლო არის შესაძლებლობა იმისათვის, რომ გამოცდის ჩაბარების გარეშე, მოსამართლის გამოცდილების გარეშე და მოქმედი მოსამართლის სტატუსის გარეშე შეიძლება დაინიშნოს მაღალკვალიფიციური იურისტი. ვფიქრობ, პარლამენტმა უნდა შეცვალოს ხედვა და მიდგომა საკითხისადმი და თქვას, რომ იგი ღიად უხსნის კარს კანდიდატურებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და რეპუტაცია“,- აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
კითხვაზე, აპირებს თუ არა სამუშაო ჯგუფის დატოვებას, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე პასუხის გაცემა უჭირს. მისი თქმით, საინტერესოა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების საბოლოო ვერსია, რის შემდეგაც საბჭოს არამოსამართლე წევრი შეფასების გაკეთებას აპირებს.
„ბოლო შეხვედრა, რომელიც ჩატარდა პარლამენტის თავმჯდომარესთან, იმის საფუძველს არ ქმნის, რომ რადიკალურად, პროგრესულად შეიცვლება რაღაცები. ირაკლი კობახიძემ ისე განმარტა განწესების ტერმინი, რომ მოსამართლე წევრები და მურუსიძეც კი გაკვირვებულები იყურებოდნენ. დაველოდოთ მაინც საბოლოო ვერსიას და ამის შემდეგ შემეძლება როგრც შეფასების გაკეთება, ასევე გადაწყვეტილების მიღება”,- აცხადებს საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.