ნაზი ჯანეზაშვილი - გიორგი მიქაუტაძე შეეცდება, უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა სია შეინარჩუნოს, რადგან თავად არის ამ სიაში წარმოდგენილი
გიორგი მიქაუტაძე ეცდება, მაქსიმალურად შენარჩუნდეს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა სია, რადგან თვითონ არის ამ სიაში წარმოდგენილი,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თმით, მიქაუტაძე შეეცდება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებიც მორგებული იყოს სიაში წარმოდგენილი პირების ინტერესებზე.
ნაზი ჯანეზიშვილი მოსამართლეების არჩევაზე და
„რამდენიმე კვირის წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ პირობა დადო, რომ პროცესი იქნებოდა გამჭირვალე, მაგრამ თქვენ ნახეთ, როგორ დასახელდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია, და სწორედ მიქაუტაძე იყო ამ სიის გამხმოვანებელი. ამ ადამიანს უნდობლობას ვუცხადებ, რადგან თავად არის დაინტერესებული პირი და თავად არის ერთ-ერთი წარმოდგენილი კანდიდატი ამ სიაში. შეუძლებელია, დაინტერესებულმა პირმა, რომელსაც აქვს აშკარად ინტერესთა კონფლიქტი, შეიმუშაოს ისეთი პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს გარედან ღირსეული კანდიდატების შემოდინებას. ის რა თქმა უნდა ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდნენ წარმოდგენილი პირები და პროცედურებიც მორგებული იყოს მათ ინტერესებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესში ვიყოთ ჩართულები და ჩვენი რეკომენდაციები იყოს გათვალისწინებული“,-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვიხილოთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
,,ბოლო დროის განმავლობაში თვალს ვადევნებ ირაკლი კობახიძის მიერ უშუალოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წესის შერჩევასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. ჩვენ ვნახეთ პარლამენტის თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის შეხვედრა. არ მაქვს ინფორმაცია, ვინ აპირებს და ვის უნდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა ან თავმჯდომარეობა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ უზენაეს სასამართლოში იყვნენ ღირსეული კანდიდატები, ღირსეული მოსამართლეები და რაც მთავარია, საზოგადოებას არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ უზენაესი სასამართლო არის პოლიტიზირებული და შეიძლება გარკვეულ ინტერესებს ატარებდეს. მნიშვნელოვანია, რომ იქ იყვნენ სამართლის დარგის სპეციალისტები, რომლებიც მოღვაწეობენ სამართლის სფეროში და არა პოლიტიკაში“,-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.