წყალტუბოს „სამგურალმა“ ეროვნული ლიგის მე-10 ტურში შინ „საბურთალო“ მიიღო და გიორგი მიქაძის გუნდმა პირველ ტურში განცდილი მარცხისთვის (1:2) სრულყოფილი რევანში აიღო.
26 მაისის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა, მაგრამ „საბურთალოს“ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი მე-6 წუთზე ჰქონდა. თუმცა, ელიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის, ირაკლი სიხარულიძის შესრულებული პენალტის შემდეგ „სამგურალის“ მეკარე ლევან შოვნაძემ ბურთი მოიგერია და გუნდი გადაარჩინა.
75 -ე წუთზე კი მასპინძლები გრიგოლ დოლიძემ დააწინაურა. 11 წუთში დემურ ჩიხლაძემ „საბურთალოს“ მეორე გოლი გაუტანა, ხოლო 90-ე წუთზე ლევან ქურდაძემ თბილისელთა კარი მესამედ აიღო და „სამგურალმა“ დიდი ანგარიშით, 3:0 გაიმარჯვა.
ამ 3 ქულით წყალტუბოელებმა ნავსი გატეხეს – ეროვნულ ლიგაში „სამგურალს“ „საბურთალოსთვის“ აქამდე არ მოუგია და ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 10 ტურის შემდეგ 14 ქულა დაუგროვდა, მე-5 პოზიციაზე დაწინაურდა და „საბურთალოს“ (15) დაუახლოვდა, რომელიც „დინამო თბილისის“ (15) გამარჯვების შემთხვევაში მესამე ადგილიდან დაქვეითდება.