ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტს განაგრძობს
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტს განაგრძობს

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტს განაგრძობს.

ხავიერ კოლომინა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდება. კოლომინასთან შეხვედრების დროს ყურადღება ქვეყნის წინაშე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე გამახვილდება, ასევე ხაზი გაესმევა ალიანსში საქართველოს გაწევრების გადაწყვეტილების დაჩქარების აუცილებლობას.

„საქართველო არის ნატო-ს ყველაზე თავსებადი და წინ წაწეული ასპირანტი გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი; ჩვენი ქვეყანა მოქმედებს, როგორც ალიანსის პასუხისმგებლიანი წევრი, მას შეაქვს უდიდესი წვლილი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. საქართველოს ამ მნიშვნელოვან გზაზე აქვს შთამბეჭდავი პროგრესი და ჩვენი ქვეყანა არის ერთგული ვაშინგტონის ხელშეკრულების პრინციპების. ჩვენ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ საკუთარი პრინციპული პოზიცია, რომ დადგა დრო, საქართველო დაწინაურდეს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე; ალიანსის გაფართოება ამ რეგიონში და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, ისევე, როგორც ალიანსის წევრი სახელმწიფოების რუსეთიდან და სხვა მხრიდან მომდინარე საფრთხეებისგან დაცვისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ გუშინ შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე, შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას. მაღალი დონის ვიზიტი საოკუპაციო ხაზის მონახულებით დაიწყო.

დატოვე კომენტარი