ნათია მეზვრიშვილი - არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის საქმეებზე უმოკლეს ვადებში დადგება შედეგი
ნათია მეზვრიშვილი - არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის საქმეებზე უმოკლეს ვადებში დადგება შედეგი

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების არჩევნების მეორე ტურმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. მეზვრიშვილი განმარტავს, რომ მთელი დღის განმავლობაში საპოლიციო დანაყოფები პატრულირებდნენ თითქმის ყველა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება დაეცვათ.

„პრინციპში, ეს გავაკეთეთ, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს. დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი, მათ შორის იყო ძალადობრივი ინციდენტებიც. თუმცა, ჩვენ თუ ამას შევადარებთ წინა პერიოდის ძალადობრივ ინციდენტებს არჩევნებთან მიმართებით, აშკარა კლება შეინიშნებოდა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, თითოეულ იმ ფაქტზე, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება და დღეის მდგომარეობით, გამოძიება 24 ფაქტზე მიმდინარეობს. მეზვრიშვილი ამბობს, რომ მათგან ყველა არ არის ძალადობრივი და ყველაში არ ფიგურირებს პოლიტიკური მოტივი.

„იყო რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის, გასროლაც, რომელსაც საერთოდ შეხება არ ჰქონდა არჩევნებთან. იყო ფაქტები, რომლებზეც გამოძიების დაწყების შემდეგ უმოკლეს ვადაში დადასტურდა, რომ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება იმ ფაქტებს, რომლებსაც ჯერ კიდევ ვიძიებთ, აქ ფიგურირებენ როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლები, როგორც დაზარალებულებად ისე პოტენციურ ბრალდებულებად. ჩვენ პირობა გვაქვს დადებული და უმოკლეს ვადებში, ისევე, როგორც წინა საქმეებზე დავაყენეთ შედეგი და კონკრეტული პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ, ასეთივე პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვით, დადგება შედეგი და საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.